თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ ბრიფინგი გამართა, რომელზეც დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. ირაკლი ნადირაძის ინფორმაციით, საკრებულოში შემოსული პროექტით, 2019 წლის ბიუჯეტი 45 მილიონი ლარით არის შემცირებული მოქმედ, 2018 წლის ბიუჯეტთან შედარებით.
„იმ პირობებში, როცა ლარი გაუფასურდა, გაიზარდა ფასები პროდუქტებსა და მედიკამენტებზე, თბილისის მერია აპირებს, მომავალ წელს უფრო ნაკლები დახარჯოს გზების, ტრანსპორტის განვითარებაზე, სხვადასხვა სოციალურ პროექტებზე. ამავე დროს, მერიამ გადაწყვიტა ხელფასები მოუმატოს საკუთარ თანამშრომლებს. იმის ნაცვლად, რომ შემოეჭირათ ქამრები, კვლავდაკვლავ ზრდიან ანაზღაურების მუხლებს,“- განაცხადა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ.
ირაკლი ნადირაძის თქმით, ფრაქციას ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით ბევრი შენიშვნა და წინადადება აქვს, რომელსაც მერიას აუცილებლად გაუგზავნიან. მისივე თქმით, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ 2019 წლის ბიუჯეტის ამ პროექტს მხარს არ დაუჭერს.
დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში განსახილველად 15 ნოემბერს შევიდა. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ბიუჯეტის მოცულობა 871 631 510 ლარია, რაც მიმდინარე წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 10 მილიონი ლარით მეტია.